Georgia News

ალიბეგაშვილი ილია მეორესთან შეხვედრაზე: ბედი და სიტყვა

ambebi.ge-სა და “პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის “სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი იყო მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი, ქართველი სოპრანო – იანო ალიბეგაშვილი, რომელმაც მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ ინტერვიუდან იმ ეპიზოდებს, როდესაც იანო ალიბეგაშვილი კათოლიკოს-პატრიარქზე ილია II-ზე საუბრობს.

“სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას კი ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ, ხოლო ინტერვიუს ელექტრონული ვერსიის სხვა ეპიზოდებს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

– კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ესთან ნათესაური კავშირები გქონდათ, თუმცა მას პირადად არ იცნობდით.

პირადად როგორ გაიცანით?

– ჩემი შეხვედრა უწმინდესთან განსაკუთრებული იყო.

მანამდე გეტყვით, რომ მისი აღსაყდრების ცერემონიას დედა დაესწრო და ის საოცრად უყვარდა.

პატრიარქს გააჩნდა განსაკუთრებული შარმი, ბრწყინვალება და სხივი.

სწორედ ამიტომ აიტაცა მაშინდელმა ახალგაზრდობამ კომუნისტების მიერ საკმაოდ მივიწყებული და დათრგუნული ეკლესია.

ბებიაჩემი გვარად ღუდუშაური იყო, უწმინდესიც ასევე – ღუდუშაური.

ეს ძალიან პატარა გვარია, ფაქტობრივად, ერთი ოჯახი ვართ.

ეს ამბავი უწმინდესმა მოგვიანებით გაიგო.

მე მას მაშინ შევხვდი, როდესაც მისი რეზიდენცია ჯერ კიდევ სიონში იყო.

ეკლესიაში სიარული ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა.

კონსერვატორიიდან რომ გამოვიდოდი, სახლში მისვლამდე ქაშვეთსა და სიონში აუცილებლად უნდა შევსულიყავი და სანთელი დამენთო.

ერთხელ, სიონში შესულს, დამხვდა გოგონათა გუნდი, რომლის დირიჟორიც ჩემი თანაკურსელი, ეთერ კოხოძე იყო.

ეთერმა მითხრა: “ვაიმე, იანო, გეხვეწები, წამოდი, უწმინდესს გაგაცნობ, იცი, როგორ გაუხარდება შენი გაცნობაო“.

მე მერიდებოდა, მაგრამ მან არ მომისმინა, გაიქცა და უთხრა, რომელიც იანოს, რომელიც თქვენი კუთხიდანაა, თქვენი გაცნობა სურსო.

უწმინდესმა დამიბარა.

ეს იყო 80-იანი წლების შუა პერიოდში, ზუსტი წელი არ მახსოვს.

ტრაპეზზე დამპატიჟა.

როდესაც შევედი, გაშლილ სუფრასთან სტუმრებთან ერთად ფეხზე ადგა ჩემს მოსასალმებლად და დამელოდა, სანამ მასთან მივიდოდი.

ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი გაკვეთილი იყო.

– პატრიარქს უკანასკნელ გზაზე “ავემარია“ კაპელასთან და ზვიად ბოლქვაძესთან ერთად უმღერეთ.

როდესაც ამ ნაწარმოებზე მუშაობდა, თურმე მის შემსრულებლად მხოლოდ თქვენ წარმოგიდგენდათ.

მართალია?

– მოგვიანებით, როდესაც საპატრიარქოში ვესტუმრე, მითხრა: “ერთ-ერთ ნაწარმოებზე ვმუშაობ და ძალიან მინდა, რომ შენ შეასრულო, რადგან რასაც ვწერ, შენი ხმა ჩამესმისო“.

არ ვიცი, ამხელა ბედნიერება მსოფლიოს არცერთი დიდი თეატრის მოწვევისას არ განმიცდია.

ეს თავად უწმინდესის უდიდესი სურვილი იყო და შეუძლებელია, ეს ნაწარმოები უდიდესი ემოციის გარეშე იმღერო.

ყოველ ჯერზე, როცა მას ვასრულებ, თითქოს მას თავიდან ვეცნობი.

– თქვენ და ილია II ერთი კუთხიდან რომ იყავით, ეს მას ალბათ უხაროდა და ეამაყებოდა.

თქვენთან საუბრისას ამაზე თუ ამახვილებდა ყურადღებას?

– უწმინდესს ყოველთვის ახარებდა თავისი კუთხის ადამიანების წარმატება, თუმცა ამას არასოდეს იმჩნევდა, რადგან ის სრულიად საქართველოს მამა იყო და არა კონკრეტული კუთხის.

მასთან ბევრი განსაკუთრებული ფაქტი მაკავშირებს.

ის სიტყვების გარეშეც გრძნობდა ადამიანის განწყობასა და სულიერ მდგომარეობას.

ჩემს ცხოვრებაში ორჯერ იყო დიდი გაჭირვება და ორჯერვე ამოიცნო, თუმცა თავად არასოდეს ვუყვებოდი.

ერთხელ ჩემთვის რთულ პერიოდში როცა შევხდი, მკითხა: “როგორ ხარო?“ ყოველთვის ვპასუხობდი, რომ კარგად ვიყავი.

ჩახარა თავი და კიდევ მკითხა: “როგორა ხარ?“ ანუ ეს ნიშნავდა იმას, გელოდები, როდის მომიყვები, როდის მეტყვი.

მის თვალებში იკითხებოდა ეს განცდა, მაგრამ მე მესამედაც ვუთხარი, კარგად ვარ-მეთქი.

მიხვდა, რომ არ მოვუყვებოდი, მაგრამ ამით მაგრძნობინა, რომ ჩემს ტკივილს ხედავდა და მანუგეშებდა.

მეორედ, როდესაც რაღაც საკითხი მქონდა გადასაჭრელი, ვკითხე, თუ რას ფიქრობდა.

ძალიან დელიკატური სიტუაცია იყო, ორ ცეცხლს შუა ვიყავი: უნდა დამეტოვებინა ოჯახი იტალიაში, ჩამოვსულიყავი საქართველოში და მთელი ჩემი ენერგია იმ საქმისთვის დამეთმო, რასაც მთხოვდნენ.

უწმინდესმა პირდაპირ არ მითხრა, უარი თქვიო, მაგრამ თავისი სიტყვებით მიმახვედრა: “კარგია საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ სიმღერას არ გაანებო თავი“.

აი, ამ სიტყვებით მივხვდი – თუ ამ საქმეს ხელს მოვკიდებდი, სიმღერა უნდა დამევიწყებინა.

ამან გადამაწყვეტინა, რომ იტალიაში დავრჩენილიყავი.

Yano Alibegashvili, Ilya II, People’s Interview, Georgian soprano, Patriarchate, Italy decision

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Are you human? Please solve:Captcha


Secret Link